ქართველ ხელოვანთა გამოფენა მადრიდში: 8 თებერვალს ქ. მადრიდში გალერეა “Ulmacarisa”-ში 19.30 სთ-ზე, გაიმართება ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის ნამუშევრების ექსპოზიცია სახელწოდებით “კავშირი”.
გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 15 თებერვლამდე. დასწრება თავისუფალია.
მისმართი: Calle José Abascal, 26, 28003, Madrid, España. Metro Alonso Cano T:679634358
ჩვენი გაზეთი დაუკავშირდა ქართველ მხატვრებს რომლებიც მოგვიყვნენ საკუთარი საქმიანობისა და გეგმების შესახებ:
ნინი გამილაღდიშვილი ქართველი ემიგრანტია რომელიც უკვე 17 წელია ცხოვრობს მადრიდში.
ემიგრაციის გზის გავლა და თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში იოლი ნამდვილად არ ყოფილა ამიტომ მისი ისტორიაც ისევე იწყება, როგორც ემიგრანტების უმეტეს შემთხვევაში…
როგორც თავად ამბობს თვითგანვითარებისთვის ძალა და ენერგია არასდროს დაუშურებია, თუმცა შვილის გვერდში ყოლამ მისთვის გაზაფხული ახლიდან მოიყვანა, რის ნიადაგზეც დაიბადა მისი ახალი ნამუშევრები რომლებიც წარმოადგენენ დეკორაციებს „არტ დეკოს“ სტილში.
რაც ნინისთვის ერთ დროს ჰობი იყო, ახლა უკვე პროფესია იქნება, იგი დიზაინსა და დეკორირებას პროფესიულ დონეზე ეუფლება.
ნინი გამილაღდიშვილი:
“არასდროს შეწყვიტო განვითარება”– ეს ჩემი ცხოვრების თანმდევი ფრაზაა. ეს არ დამვიწყებია, არც მაშინ როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე და არც ახლა ვივიწყებ, როდესაც ჩემი ადგილი თითქოსდა ვიპოვე.
მუშაობის პარალელურად მუდმივად სწავლის პროცესში ვარ. რამდენიმე წლის წინ კომერციული მარკეტინგი პროფესიულ დონეზე შევისწავლე და ისე მოვხვდი სადაზღვევო კომპანიაში.
კარიერულმა წინსვლამ დეპარტამენტის უფროსის პოზიციამდე მიმიყვანა, თუმცა კავშირი ხელოვნებასთან არასდროს შემიწყვეტია.
სწავლას ახლაც ვაგრძელებ, თუმცა ამჯერად დიზაინის და ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორირებას ვსწავლობ.
ვფიქრობ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომლის კეთებაც უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს.
დიდი სურვილი მაქვს სამომავლოდ ამ სფეროში დავიმკვიდრო თავი. რაც შეეხება ჩემს პირველ გამოფენას, რომელშიც ნინო ირემაძესთან ერთად ვიღებ მონაწილეობას, 8 თებერვალს გაიხსნება.



გამოფენის ორგანიზება საკუთარი ძალებით შევძელით და ექსპოზიციას „Connection“ ანუ კავშირი ვუწოდეთ.
კავშირი სამყაროსთან, კავშირო ხელოვნებასთან, კავშირი ჩვენს სამშობლოსა და ახლანდელ საცხოვრებელთან და კავშირი ერთმანეთთან.
ჩემს ნამუშევრებში მთავარი ხაზია, კავშირი ბუნებასთან. ასე რომ ყველაფერი ურთიერთ „კავშირშია“.

როდესაც ჩვენი გამოფენის აფიშა მზადდებოდა, ერთადერთი და მტკიცე მოთხოვნა გვქონდა, აბრაზე დატანილიყო საქართველოს დროშა, ჩვენ კი წარვედგინეთ, როგორც ქართველი ხელოვანები.
ვცდილობ, სადაც კი შესაძლებლობა მომეცემა, ყველგან წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ ჩვენი ექსპოზიციის გაპიარებით.
გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართველი ხელოვანების ექსპოზიციის შესახებ და გვეწვიონ გალერეაში. ასე რომ 8 თებერვალს ყველას გეპატიჟებით, გამოფენის გახსნაზე.
გამოფენა-გაყიდვის შესახებ საინფორმაციო პუბლიკაციები კეთდება როგორც რადიოში, ასევე ადგილობრივ გაზეთში, უკვე დარიგდა ათეულობით მოსაწვევი.
აღსანიშნავია, ისიც რომ გაგვაშუქებს ქართული ტელევიზია, რუსთავი2.
საქართველოს საელჩომაც გამოთქვა სურვილი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაზე.
მომავალში კვლავ ვგეგმავთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და აქტიურობას. ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ემიგრანტებს ვურჩევ, რომ არ გაჩერდნენ, ეძიონ საკუთარი თავი, ყოველთვის ეცადონ წინსვლას და თვითგანვითარებას.
ნინა ირემაძე, სტუდენტია საქართველოდან, რომელიც ამჟამად სწავლობს და ცხოვრობს მადრიდში.
ნინამ 2020 წელს დაამთავრა მადრიდის კინო ინსტიტუტი, ეხლა კი სწავლობს ხელოვნების სკოლაში, „ესდიპ“-ში (ESDIP)
ქართველი სტუდენტი, დამატებით გადის კურსს ხატვასა და ქანდაკებაზე, ხოლო აპრილიდან უკვე იწყებს სწავლას მადრიდის სამხატვრო აკადემიაში MAA- საიდანაც უკვე მიღებული აქვს სტიპენდია.
დავუკავშირდით ნინას რომელმაც გვიამბო მის შემოქმედებასა და გეგმებზე:



აქ სწავლამ ძალიან ბევრი რამ შემძინა, მივიღე მონაწილეობა მოკლემეტრაჟიან ფილმებში და კინო პრაქტიკებში, სადაც სხვადასხვა ამპლუაში მომიწია მუშაობა, ასე რომ რასაც უმთავრესად გძენს აქაური განათლება ეს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილებაა.
ასევე ესდიპშიც ძირითადი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ მუშაობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, უფრო მოტივირებულს გხდის ირგვლივ მყოფთა პოზიტიური შეფასებები, სტუდენტის მონდომება ძალიან ფასდება.
მიხარია, რომ როგორც კინო ინსტიტუტში მადგებოდა მხატვრობა, ასევე ამჟამად მადგება კინო განათლება სიუჟეტის ვიზუალურად, გააზრებულად გადმოცემისთვის.
ვხატავ არამარტო დავალებად მოცემულ პროექტებს, არამედ მაქვს ჩემი ფანტაზიით შექმნილი ტილოებიც, წარმოსახვის ინტეგრირებას რეალობაში სიურეალისტური ნამუშევრების შექმნით ვახერხებ.
რადგან ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ ძნელია ვისაუბრო განსხვავებებზე საქართველოსა და ევროპას შორის. დიდი მნიშვნელობა აქვს თვითგანვითარებას.
ესპანეთში არსებობს მეტი რესურსი: საჭირო და მნიშვნელოვანი საგნები და მასალა, მეტად ფასდება კრეატიულობა, მოთხოვნადია ახალი ფორმებისა და ხედვის ძიება.
მნიშვნელოვანია არა მარტო ფინალური ნამუშევარი არამედ შემოქმედებითი პროცესი, წახალისებულია ექსპერიმენტები. აქ მარტივია იყო გულწრფელი.
ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ ამით სერიოზულად სტუდენტობის დროს დავინტერესდი, ამის გამო საქართველოში შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია-
„Art Laboratory“ –რომლის სახელითაც განვახორციელე როგორც პერსონალური გამოფენა „არტ აქტივი“ (Art Active), ასევე საქველმოქმედო და ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვართა გამოფენა.
ნინი აქ გავიცანი, ძალიან მომეწონა მასთან ურთიერთობა, სასიამოვნო გოგოა, გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა გამოფენა.
რაც შეეხება გამოფენებს, ყველა გამოფენა მნიშვნელოვანია, ყველა წინ გადადგმული პატარა ნაბიჯი სასიამოვნოა.
ეს არაა ჩემი პირველი გამოფენა მადრიდში, რადგან „circulo de bellas artes“- ში უკვე მივიღე სტუდენტების საერთო გამოფენაში მონაწილეობა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი 4 ნამუშევარი, მათ შორის ქანდაკებაც.
სამწუხაროდ, საქართველოში, ყველა სფეროში აქვთ ეკონომიური პრობლემები, იმედია ეს ხანმოკლე პრობლემაა, მაგრამ იყო ხელოვანი არცერთ ქვეყანაში არ არის მარტივი.
უახლოეს მომავალში ვგეგმავ კიდევ ერთ საერთო გამოფენას, ამჯერად ქანდაკების კუთხით. ორგანიზაცია „არტ ლაბორატორიის“ სახელით, ადრე დავბეჭდეთ სანიშნეები ნამუშევრები ჩანთებსა და შარფებზე, მსურს წელსაც გავიმეორო.
ზოგადად ბევრი გეგმა მაქვს, სამომავლოთაც მსურს რამდენიმე გამოფენის მოწყობა, ასევე მინდა ზაფხულის ხატვის კურსების გავლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთ ერთი უდიდესი სურვილია მქონდეს საკუთარი სახელოსნო.
და ბოლოს, ქართველ სტუდენტებს ვისაც სურთ ევროპაში სწავლის გაგრძელება, ვურჩევ არ შეუშინდნენ ექსპერიმენტებს და იბრძოლონ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად.