ქართული მართვის მოწმობების არაღიარების პრობლემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, სხვა არაერთ რთულ საკითხთან ერთად, მრავალი წელია აწუხებს და ფაქტიურად მარადიულ პრობლემადაა ქცეული.
2021 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან.
მხარეებმა მაშინდელ შეხვედრაზე გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეეწყოთ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას.
განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე, რისთვისაც კარგ ნიადაგს ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ
კი, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რომლის თანახმადაც, ქართული მართვის მოწმობები სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
2021 წლის 24 ოქტომბერს ბარსელონაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, ქართული დიასპორის წევრებმა
კერძოდ „ქართული სახლი ესპანეთში“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კვლავ დღის წესრიგში დააყენა მართვის მოწმობის და დიპლომების აღიარების საკითხის მწვავე პრობლემა ემიგრაციაში.
მალევე საქართველოში დაბრუნებული დელეგაციის მიერ, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონტანტინიდის მიერ გაკეთდა
ოფიციალური განცხადებები, იმის შესახებ რომ მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება მოხდებოდა ქალაქში, ღია სივრცეში, რაც დააჩქარებდა ქართული მართვის მოწმობების აღიარების საკითხს ევროპაში.
თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა: საკითხი, თითქოს, ერთ ადგილზე გაიყინა, დაპირება კი, დაპირებად დარჩა. არადა, ეს ის საკითხია, რომლის გადაჭრაც,
ქართველ ემიგრანტებს ესპანეთში, ავტომობილით გადაადგილების პრობლემის მოგვარებასთან ერთად, თავს სრულფასოვან ადამიანებად აგრძნობინებდა.
საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უკვე ახალი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჰყავს, აცხადებენ, რომ ესპანეთის სამეფოში ადგილობრივ
მართვის მოწმობებზე გადაცვლის შესაძლებლობებზე შეთანხმების დადება საქართველოს საელჩოს პრიორიტეტულ საკითხს განეკუთვნება:
უცვლელად გთავაზობთ სამინისტროდან მიღებულ პასუხს ჩვენს კითხვაზე:
,,უკანასკნელ წლებში, საელჩოს ორგანიზებით, კომპეტენტურ უწყებებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე არაერთხელ დაისვა აღნიშნული საკითხი.
პარალელურად, საელჩო მუდმივად მართავს შეხვედრებს და განახლებულ ინფორმაციას აწვდის ესპანეთის საგზაო მოძრაობის
გენერალურ დირექტორატს იმისთვის, რომ მათთვის ცნობილი იყოს, რომ საქართველოში მართვის მოწმობები გაიცემა ევროკავშირის მოწმობების შესაბამისია და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს“,–
აცხადებს საკონსულო დეპარტამანეტის დირექტორის მოადგილე , ირმა კიკვაძე. თუმცა კონკრეტულ ვადებს, თუ როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, სამინისტრო, ჯერჯერობით, კვლავ ვერ ასახელებს დრო კი არ ითმენს…

სტატია მოამზადა
ნატო მეგუთვნიშვილმა