
ქართული სენსაცია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ვინ – ვინ და მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუკი როდესმე ფეხბურთთან დაკავშირებით სტატიას დავწერდი.
თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე და (არა მარტო ჩვენ) გულის ფანცქალით ელოდება 30 ივნისს საქართველო-ესპანეთის შეხვედრას.
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ევროპაზე გასვლა უკვე ისტორიაა და სრული მოულოდნელობა 30 წლიანი ლოდინის შემდეგ.
თუ რატომ ჯერ ამისთვის საქართველოს უახლეს ისტორიას უნდა გადავხედოთ, რომელიც ძალიან შორს წაგვიყვანს და პირველ რიგში პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევა მოგვიწევს.
თუმცა ძალიან მოკლედ მაინც გეტყვით, რომ საქართველო, წითელი არმიის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან, ათეულობით წლების მანძილზე, იძულებით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, დანარჩენი სამყაროსგან სრულიად იზოლირებული.
ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა სპორტის უამრავ სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, საბჭოთა კავშირის ეპოქაში რუსეთის სახელით ასპარეზობდა მსოფლიო არენაზე.
ამიტომ, მსოფლიოს ახლიდან ნელ-ნელა ვაცნობთ საკუთარ თავს.
საქართველომ, ოკუპაციის ხუნდები 90-იან წლებში კისრიდან ჩამოიხსნა ძალიან დიდი მსხვერპლის და რუსეთის მიერ პროვოცორებული სამოქალაქო ომის ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ დღემდე, საქართველოს ტერიტორიების 20%, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ და მათი სამხედროები პერიოდულად თავს ესხმიან საქართველოს მოსახლეობას.
თუმცა ამჯერად, როგორც უკვე გითხარით, რადგან ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს ისევე ფეხბურთის ისტორიას დავუბრუნდები.
მთელი მსოფლიო ერთ ხმაში აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ევროთასზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო ასპარეზობა ყველასთვის მოულოდნელი სიურპრიზია.
თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს საფეხბურთო ისტორიის დიდი ტრადიცია გააჩნია.
ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს თბილისის კლუბი „დინამო“, უპირობო ლიდერი იყო საბჭოთა კავშირში შემავალ სახელმწიფოებს შორის.
მიუხედავად მოსკოვის პოლიტიკური ჩარევისა, 1964 წელს, „დინამო“ – „ტორპედოს“ შეხვედრისას „დინამომ“, „ოქროს მატჩი“ ჩაატარა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
(უპრეცედენტო პოლიტიკურად მიკერძოებული არბიტრაჟის მიუხედავად).

1981 წელს კი დიუსელდორფში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისს“ მოუგო თასების თასი.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, საქართველომ 90-იან წლებში დამოუკიდებლობა დაიბრუნა, სამ ომგადატანილი ოთხმილიონიანი მილიონიანი ქვეყანა, მცირე რესურსებით, არასახარბიელო ინფრასტრუქტურით და მწირი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად უამრავმა სპორტსმენმა ასახელა.
საქართველოს ჰყავს შესანიშნავი მსოფლიო დონის სპორტსმენები, ძიუდოში, ჭიდაობაში, რაგბში, მძლეოსნობაში, ნაოსნობაში, ჭადრაკში
(მაგალითად ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი, 2024 წლის სენსაცია ილია თოფურია, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონობამდე საქართველოს სახელით გამოდიოდა).
რასაც ქართულ ფეხბურთზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
ფეხბურთში 30 წლიანმა ჯაჭვურმა წარუმატებლობამ, სპორტის ეს სახეობა საქართველოს მოსახლეობას პრაქტიკულად მიავიწყა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმატება და წარუმატებლობა მეგობრები არიან მაგრამ წარუმატებლობასთან მეგობრობა ხანგრძლივი ვადით იმედებს ასაფლავებს, ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.
თუმცა 2024 წლის 21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ისტორიულ მატჩზე, სპეციალურად ამ დღისთვის ესპანეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის სპორტსმენი ილია თოფურია ჩავიდა.

UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონმა შეხვედრა, საჩემპიონო ქამრის წარდგენით გახსნა და ქართველების ისტორიული გამარჯვების თილისმად იქცა.
ქართველი ქომაგები აღტყინებული ემოციებით მოედანზე შეცვივდნენ და დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, 30 წლის შემდეგ საქართველო 2024 წლის ევროპის თასის საფეხბურთო ტურნირში ჩაერთო.
ფაქტები და შეფასებები
საქართველო-თურქეთის შეხვედრაზე საქართველომ საოცრად ამაღელვებელი თამაში აჩვენა და მაყურებლების შეფასებით ტურნირის ყველაზე ლამაზი თამაში ჩაატარა.
„ბრძოლა ბოლომდე“, წარმოუდგენელი ემოციები და ბოლო წუთებში კარიდან გამოსული საქართველოს მეკარე, რომელიც ფეხბურთელებს შეუერთდა.
ყველა მათი მოქმედება ეს იყო გამარჯვებისკენ დაუოკებელი ლტოლვის ჟინი და წარმატების წყურვილი, რომელმაც ერი კინაღამ ემოციებისგან „დაახრჩო“.
მიუხედავად იმისა რომ საქართველომ 1:3 წააგო თურქეთის სასარგებლოდ, ბოლო მომენტამდე ვერავინ იტყოდა მოგება რომელ გუნდს დარჩებოდა.
ქართველების თავდადებამ სხვადასხვა ეროვნების მაყურებელი მონუსხა და გულწრფელი მხარდამჭერები შესძინა, ამაზე მეტყველებს ფრაზა „თურქეთმა შეხვედრა მოიგო, ქართველებმა კი ჩვენი გულები“.
ჩეხეთთან 1:1 ფრედ დავასრულეთ, სადაც კიდევ ერთი ლამაზი თამაში ვაჩვენეთ და პირველი ისტორიული ქულა ავიღეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა მერვედფინალში გადასვლისთვის.
საქართველო – პორტუგალიაზე რაც მოხდა ეს მხოლოდ ფანტასტიური ჟანრის ფილმებში თუ მოხდებოდა…
საქართველო, რომელიც ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა 2:0 მოიგო და ყველას გასაოცრად მერვედფინალში გავიდა და ოთხი ქულით რეიტინგში საუკეთესო მესამე ადგილი დაიკავა.
მერვედფინალში ესპანეთს შევხვდებით…

მომენტი, როდესაც ქართველი ემიგრანტების გული ორად გაიყო
საქართველოს 17 სავარაუდო მეტოქიდან, მაინცდამაინც ესპანეთთან მოუწია შეხვედრა და ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დილემის წინაშე დაგვაყენა…
რა თქმა უნდა ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, უკეთეს ფორმაშია ვიდრე პორტუგალია, თანაც ბოლო შეხვედრა 7>1 წავაგეთ ესპანეთის სასარგებლოდ, მაგრამ მოგების იმედი მაინც არსებობს, ჩვენ ხომ სიურპრიზებით სავსე ნაკრები გვყავს?
თავად ესპანელი კომენტატორები საქართველოს ნაკრების მონაწილეობით შეხვედრებზე აშკარა უპირატესობას ჩვენს ნაკრებს ანიჭებდნენ.
კომენტატორები ესპანელ მსმენელს უყვებოდნენ ქართული საფეხბურთო კულტურისა და ისტორიის შესახებ:
„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ესპანეთში ფეხბურთი არ არსებობდა ქართველებს უკვე ფილმები აქვთ გადაღებული სახელწოდებით „პირველი მერცხალი“ (1975) აღნიშნავდა ესპანეთის ტელევიზიის პირველი არხის ესპანელი კომენტატორი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელებიდან ორი მათგანი, მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი ესპანურ კლუბებში თამაშობენ.
ესპანელი ქომაგის სიმპათია აშკარად ჩვენს მხარეს იყო.
ქოჩორაშვილის კლუბის „ლევანტეს“ სოციალური გვერდი პოსტებს ქართულად გვიძღვნიდა.
უდავოდ, 2024 წლის საფეხბურთო ტურნირის სენსაცია ქართული ნაკრებია, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
პორტუგალიასთან მოგების შემდეგ ქართველების მიერ გამართულ ზეიმზე ხუმრობდნენ – „ისე ზეიმობენ თითქოს ტურნირი მოიგესო“, თუმცა თქვენ რა იცით ჩვენს გულებში რა ხდებოდა.
ეს მარტო სპორტი არ არის, ეს ტურნირი ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესი საშუალებაა საკუთარი თავი გააცნოს მსოფლიოს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს იმ ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, რომელი ადგილიც ისტორიულად გვეკუთვნის და ოკუპანტმა ქვეყანამ წაგვართვა.
ამ ბოლო დღეებში ესპანეთის მასმედიის ლუპის ქვეშ მოექცა სრულიად საქართველო, რომელიც აქტიურად აშუქებს საქართველოს შესახებ ინფორმაციას, ასევე სახალისო ვიდეოებსაც უძღვნის მას…
ჩვენ ხომ გვიყვარს გმირები, მოულოდნელობები და ემოცია. ეს გულწრფელი ემოცია კი ქართველმა ბიჭებმა აჩუქეს მთელს საქართველოს და მსოფლიოს.
დიდება საქართველოს, ჩვენ ეს გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, როგორც ჯვაროსნები…