საცხოვრებლის დაკავება უკანონოდ (okupación) ესპანეთში. 1980-იან წლებში ესპანეთში გაჩნდა სუბკულტურული მოძრაობა, რომელმაც დაიწყო ცარიელი შენობების დაკავება პოლიტიკური და სოციალური პროტესტის ნიშნად.
რაც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ და იურიდიულ თემად იქცა. 2024 წელს დაფიქსირდა 16 426 შემთხვევა, რაც წინა წელთან შედარებით 7,4%-ით მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის კატალონიასა და ბარსელონაზე, თუმცა პრობლემა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია.
რამ გამოიწვია „OKUPA-ს“ უკანონო ქმედებების გახშირება?
- ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დეფიციტი და ქირის მაღალი ფასები;
- სოციალური მოწყვლადობა — ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ;
- მაფიები და ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ქონებას იკავებენ გამოსასყიდის ან უკანონო გაქირავების მიზნით;
- გრძელი სასამართლო პროცესები, რის გამოც საკუთრების დაცვა რთულდება.
ზოგიერთი მფლობელი ბინას დასაცავად იძულებულია დამცავი სისტემები და სპეციალური პერსონალი გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ გაერო-ც ჩაერია ისეთ კონკრეტულ საქმეებში, როცა ოჯახები წლების განმავლობაში „ოკუპებად“ ცხოვრობდნენ.
რას ამბობს კანონი?
ესპანეთში არსებობს ფართის უკანონოდ დაკავების ორი სამართლებრივი კატეგორია:
- Allanamiento de morada (მუხლი 202)
- მფლობელის ძირითადი ან სეზონური საცხოვრებლის უკანონო დაკავება.
- პოლიციას შეუძლია დაუყოვნებლივ ჩარევა, სასამართლოს ორდერის გარეშეც.
- სასჯელი შეიძლება იყოს პატიმრობა: 6 თვიდან 2 წლამდე (ძალადობის შემთხვევაში: 1–4 წლამდე).
- Usurpación de inmueble (მუხლი 245)
- ცარიელი ან მეორადი ბინის უკანონო დაკავება.
- პროცესს სჭირდება სასამართლოს ჩარევა.
- სასჯელი: ჯარიმა ან 1–2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, გარემოებების მიხედვით.
რაც შეეხება პოპულარული “48 საათის” მითი ცოტა განსხვავებულადაა: კანონი არ განსაზღვრავს ასეთ ვადას. თუ საქმე ეხება მუდმივ საცხოვრებელს, და მფლობელი ამ ფაქტს დოკუმენტურად ადასტურებს – ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს დაუყოვნებლივ.
ხოლო ცარიელ ბინაზე საჭიროა სასამართლო პროცედურა, თუმცა სანამ სასამართლომდე მივა საქმე, ოკუპამ ამ 48 საათში უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, რომ სოციალურად მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება.
რატომ ვერ მოქმედებს მფლობელი თვითნებურად?
კონსტიტუციის 18-ე მუხლი იცავს საცხოვრებლის ხელშეუხებლობას — ეს პრინციპი ვრცელდება უკანონოდ შეჭრილებზეც, მანამ სანამ მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
მფლობელის თვითნებური მოქმედების შემთხვევაში (კარის შეცვლა, კომუნალურის გათიშვა, ძალადობრივი „დესოკუპა“) შეიძლება თავადვე გახდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მსხვერპლი.
თუ ოკუპები სოციალურად დაუცველები არიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლების დროებით შეჩერებას, რომელიც ამჟამად დროებით მოქმედებს 2025 წლის ბოლომდე.
როგორ შეიძლება ქონების დაბრუნება?
- მუდმივი საცხოვრებელი (morada) – დაუყოვნებლივი მიმართვა პოლიციაში.
- ცარიელი ან მეორე ბინა (usurpación) – საჩივარი პოლიციაში ან სასამართლოში, რის შემდეგაც მოსამართლე გამოსცემს გამოსახლების ორდერს.
- სამოქალაქო გზა – Desahucio exprés (კანონი 5/2018) – მფლობელს შეუძლია დაჩქარებული წესით მოითხოვოს ქონების დაბრუნება.
მიმდინარე რეფორმები
მთავრობა ამზადებს ცვლილებებს, რომლებიც usurpación-ის საქმეებს უფრო სწრაფად განიხილავს (მაგ., პროცესის დანიშვნა 15 დღეში). თუმცა ინიციატივა ჯერ საკანონმდებლო განხილვის პროცესშია.
პრაქტიკული რჩევები მფლობელებისთვის
- არ გამოიყენოთ ძალა — ეს უკანონოა.
- მიმართეთ პოლიციას და შეაგროვეთ მტკიცებულებები (მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური ქვითრები, მეზობლების ჩვენება).
- განასხვავეთ საქმე ეხება თუ არა morada-ს (პოლიცია სწრაფად მოქმედებს) თუ usurpación-ს (სასამართლო აუცილებელია).
- გამოიყენეთ ადვოკატის დახმარება უძრავი ქონების სამართალში.
- პრევენცია – სიგნალიზაცია, მეზობლებთან კოორდინაცია, ხშირი ვიზიტები.
ოკუპა ესპანეთში არა მხოლოდ იურიდიული, არამედ სოციალური პრობლემაც არის.
თუ საქმე ეხება მუდმივ საცხოვრებელს, დაცვა სწრაფია და პოლიცია შეიძლება დაუყოვნებლივ ჩაერიოს.
თუ ცარიელ ქონებას, პროცესი უფრო ხანგრძლივია და ოკუპებს გარკვეული უფლებები აქვთ.
თუმცა, ამ ყველაფერში ყველაზე გამაოგნებელი ფაქტი მაინც ისაა, რომ ოკუპასთვის კომუნალურების ჩახსნა არ შეიძლება და ფაქტიურად, შენს საკუთრებაში უკანონოდ შესახლებულ პირს ქონების მიტაცების გარდა შეუძლია ისარგებლოს: შუქით, გაზით და ისიც მფლობელის გადასახდელი ხდება.
მფლობელებისთვის მთავარი იარაღია პრევენცია, ადვოკატის დროული ჩართვა და კანონის ფარგლებში მოქმედება. ასევე, თუკი ბინას გააქირავებთ, ყოველთვის გააკეთეთ – გადაუხდელობის დაზღვევა „Seguro de impago“, რომელიც გრანტიას გაძლევთ გადაუხდელობის შემთხვევაში აანაზღაუროს 6 თვს ქირა და უზრონველყოს გამოსახლების პროცედურა.

