ხატია სოლოღაშვილი: ესპანურენოვანი სერიალებიდან რეალურ ესპანეთში ბუმერანგივით დაბრუნებული ბედნიერება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესპანეთში… მათი ცხოვრების გზა-ემიგრანტობამდე იმდენად ჰგავს ერთმანეთს, ზოგჯერ ფიქრობ, რომ შენი სტატიების გმირები ერთი და იგივე ადამიანები არიან,-მცირეოდენი სახეცვლილებით:
სოციალური გაჭირვება, ავადმყოფობა, მძიმე სენი, ბანკის ვალი, შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის და ბოლოსდაბოლოს, უკეთესად ცხოვრების სურვილი.
ხატია სოლოღაშვილისთვის კი, ყველაფერი სულ სხვაგვარად დაიწყო, თითქმის, ზუსტად ისე, როგორც -ზღაპარში, უფრო ზუსტად, ესპანურენოვან სერიალებში.
პროფესიით სოციოლოგი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან სერიალების მოტრფიალე გახდა. შემდეგ კი, ისე გაიტაცა ოცნებებმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი რეალურ ცხოვრებად ექცია:
,,ჩემს ღრმა ბავშვობაში ესპანურენოვანი სერიალების ბუმი იყო და მეც, მთელი გულწრფელობით, ვეუბნებოდი -ხოლმე დედას, რომ გავიზრდები, ესპანეთში ვიცხოვრებ- მეთქი.
ხოდა, რამდენიმე წლის წინ უცებ გავიღვიძეთ მე და ჩემმა ქმარმა და გამოვაცხადეთ, დასასვენებლად მივდივართ ესპანეთში და თუ მოგვეწონება, ვრჩებით-თქო.
ჩვენი მშობლები შოკში იყვნენ: ორსული ხარ, დაისვენეთ, ჩამოდით და ბავშვი რომ გაჩნდება, სადაც გინდა წადითო.
ჩვენი პირველი სიყვარულის ქალაქი იყო ბარსელონა, – შთაბეჭდილებებით აღსავსე, ბედნიერი ხალხი, საოცარი არქიტექტურა და ზღვა…. და გადავწყვიტეთ, რომ ბედი ამ ქვეყანაში გვეცადა “, -ამბობს ხატია.
თუმცა ზღაპრებისგან და სერიალებისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებას ერთი ნაკლი აქვს, ყველაფერი კარგი და ლამაზი მალე სრულდება და არცთუ მარტივი ყოველდღიურობა თავის წესებს გვკარნახობს. ასე მოხდა ხატიას შემთხვევაშიც:
დასვენების დღეები დასრულდა და საცხოვრებელი ბინის და სამსახურის ძიების რთული პროცესი დაიწყო:
,,გადავწყვიტეთ ინფორმაციის მოძიება, ვიკითხეთ ჯგუფში, თუ როგორ შეიძლება, რომ ვიქირაოთ ოთახი და სამსახური ვიპოვნოთ. ნებისმიერი ამბავი ჩვენთვის სიახლე იქნებოდა, სტიმულს მოგვცემდა და ფეხზე დადგომაში დაგვეხმარებოდა.
მახსოვს, რომ პოსტი დადასტურდა და საოცარი აგრესიის კორიანტელი წამოვიდა ჩვენ მიმართ: თურმე, რატომ მოგვივიდა აზრად აქ ჩამოსვლა და გვგონია, რომ აქ ,,ხეს ასხია ფული“…
ერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ, თურმე, ,,წითელი ჯვარი“ არსებობს და იქ დამაკვალიანებენ. მივედით და საერთო საცხოვრებელში გაგვიშვეს, რადგან აღდგომის დღეები (semana santa) დაემთხვა და გვითხრეს, რომ მხოლოდ 5 დღე შეგვიფარებდნენ.
იცით, რამდენი ქართველი გავიცანი ამ საცხოვრებელშიი? – შავი დღეები ბედნიერად გადავიტანეთ, დღემდე ვკითხულობთ და გვადარდებს ერთმანეთი. თუმცა დასრულდა ეს დღეები და ,,წითელმა ჯვარმა“ ქუჩაში გამოგვიშვა.
დავურეკეთ ჩვენ მეგობარს, რომელმაც დიდი სიყვარულით 4 თვე შეგვიფარა ლა რიოხაში და თითქმის. 9 თვის ორსული დავბრუნდი ბარსელონაში. რა თქმა უნდა მიხვდნენ, რომ სხვა გზა აღარ მქონდა და ბევრი ცრემლის მერე მოგვცეს თავშესაფარი“….
დრო გავიდა და სულ მალე სამყაროს პატარა ლეო მოევლინა,- ,,ჩემი მზე“, -როგორც ხატია შვილს უწოდებს. სწორედ ამის შემდეგ გახდა სამყარო ისევ ვარდისფერი,-
ბავშვობაში, საქართველოში ნანახი ესპანურენოვანი სერიალების მსგავსი, სადაც კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს:
,,სტუდენტების რეზიდენციაში ვცხოვრობდით. მახსოვს, თავიდან ძალიან უცნაურად გვიყურებდნენ, გვაკვირდებოდნენ, ვიცოდით თუ– არა დანა– ჩანგლის გამოყენება, მაგრამ ერთ წელში იმხელა სიყვარული დავიმსახურეთ, რომ დღესაც მოგვყვება.
შევიძინეთ უახლოესი მეგობრები, არა -მარტო საქართველოდან… 1 წელი გავატარეთ ბარსელონაში და ჩემი სამეგობრო მოიცავს კოლუმბიას, ვენესუელას, კატალონიას, კორეას და რა თქმა უნდა, საქართველოს, ესაა ჩემი განძი“….
1 წლის შემდეგ ხატია სოლოღაშვილი საცხოვრებლად, მადრიდში, გადავიდა. ამბობს, რომ სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი ცხოვრება, როდესაც მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა სხვისი დახმარება და თავად უნდა ებრძოლა და ემუშავა უკეთესი მომავლისთვის და თვის ბოლოს დახმარების დარიცხვას აღარ უნდა დალოდებოდა:
,,არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ჩემს სოციალებთან:
არ მექცეოდნენ როგორც სხვებს, თანასწორად ვგრძნობდი თავს. ერთ დღეს მკითხეს, თუ მინდოდა ზღვის პროდუქტებთან მუშაობდა და მეც დავთანხმდი ამ ავანტიურას…
პრაქტიკა გავიარე „მერკამადრიდში“, „თევზის მამასთან“, რაულთან, რომელიც ისე გატაცებით ხსნიდა ახალ საკითხს, რომ ვფიქრობდი, ეს რა გიჟია, როგორ შეიძლება თევზი ასე შეიყვარო -მეთქი…. 2 თვე გავატარე ამ თავგადასავალში ,15 სტუდენტიდან მხოლოდ 3-ს მოგვცეს პრაქტიკის გავლის უფლება ,,კარფურში“.
ბოლო დღეს დიდი ფიესტა მოვაწყეთ, ჩამეხუტა და მითხრა: ,,შენ ჩემი ბრილიანტი ხარ, შენი საქმის მიმართ დამოკიდებულება იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერი კომპანია სიხარულით ითანამშრომლებს შეთანო”.
იცით, რამხელა ძალა ვიგრძენიი? ხოდა ეს თვითრწმენა დარჩა სამუდამოდ ჩემში, მჯერა, რომ ყველა კარი ჩემთვის გაიღება, მთავარია, მოვინდომო…. 1 წლზე მეტია უკვე, რაც „კარფურში“ ვმუშაობ“,-გვიყვება ხატია.
თუმცა მთავარი ხატიასთვის ის არ არის, სად მუშაობს და რა თანხას გამოიმუშავებს, მთავარია, რომ მთელ ამ ქაოსში საკუთარი თავი არ დაკარგოს და დარჩეს ადამიანად, -ამისკენ მოუწოდეს სხვა ქართველ ემიგრანტებსაც:
,, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალა ჩვენშია. წარმატების საფუძველი შრომაა. ჩემ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვები: ,,არ შემიძლია“.
არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა, ყველაფრის ფასად, ეს სიყვარული, რაც ადამიანებისგან მაქვს , ბევრად ძვირფასია, ვიდრე საბანკო ანგარიშზე ციფრები. ვეტყოდი ყველას, რომ გავიღიმოთ, სამყაროში დადებითი ემოციები გავუშვათ და აუცილებლად უკან დაგვიბრუნდება, ბუმერანგივით…“
მიუხედავად იმისა, რომ მეთევზის პროფესია დიდ გამოცდილებას მოითხოვს და წლების განმავლობაში ხდება კვალიფიკაციის ამაღლება, ეს ხელისშემშლელი მიზეზი არასდროს გამხდარა ხატიასთვის ემუშავა ესპანეთის სხვადასხვა პრესტიჟულ კომპანიებში, სადაც შტატში მოხვედრა ძალზედ რთულია.
სტატიის ავტორი, ნატალია მეგუთნიშვილი