,,გვანცა დედოფალი“-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… 2 წლის წინ, როდესაც ექიმმა ბავშვის დედას უთხრა, შეეგუე, ბავშვი არ ილაპარაკებს, არ ექნება გრძნობა, ვერ გამოხატავს ემოციას და არ ეცოდინება შენი სიყვარულიო, სამყარო თავზე დაექცა.
დღეს კი, ,,გვანცა დედოფალმა“, როგორც ქართველი ემიგრანტი- ნუნუ ქათამაძე, თავის შვილს უწოდებს, 5 ენა აითვისა. დედა გვიყვება, რომ მისი შვილი უჭკვიანესი და უნიჭიერესია, გაიჩინა მეგობრებიც.
,,მოსწყდა თავის კოსმოსურ სამყაროს, ვსწავლობთ ყოველდღიურად და ვვითარდებით, ვითვისებთ სპორტის სხვადასხვა სახეობებს. გვანცა, ასევე, მღერის აქვს მასზე უფრო დიდი ასაკის ბავშვის უნარები.
მივიღე ყველა მასწავლებლის, თერაპევტის, ფსიქოლოგის, ნევროლოგიის, ფსიქო პედაგოგის, ფსიქიატრის, სპეც. მასწავლებლების და ყველა სპეციალისტის რეკომენდაცია და გავაგრძელეთ განვითარება იმ სწორი გზით, რომლითაც ამხელა შედეგი მივიღეთ.
წელს უფრო მეტს გავაკეთებთ, ეს უკვე ვიცი! დაუღალავი შრომით და რაც მთავარია, უფლის დიდი რწმენით, ლოცვით, მშობელი ყველაფერს შესძლებს“,-ამბობს ნუნუ ქათამაძე.
საქართველოდან კი, ქართველი ემიგრანტი, უმცროს შვილთან, გვანცა რატიანთან ერთად, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ 8 თვის ასაკში ბავშვი
სტაფილOკოკით გამოწვეული პნევმონიით, რეანიმაციაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გვანცა შემდგომ რეაბილიტაციას საჭიროებდა:
,, ბავშვი ტკივილზე და შიშზე სულ ჩაიკეტა, ამიტომ დავტოვე ყველაფერი და წამოვიყვანე. ამჟამად ვცხოვრობთ ალიკანტეში (თავიდან ვალენსიაში ვიყავით და სალოუში).
,,გვანცა დედოფალი“ (ასე ვეძახით დაბადებიდან), პატარა სვანი რატიანია, რომელსაც 2 წლის ასაკში დაუდგინდა აუტიზმი და მის მერე ვებრძვით.
მთავარი ისაა, რომ დროულად დაუსვეს დიაგნოზი, მუდმივად არის ნევროლოგის და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.
სტენოგრაფიამ მისი ტვინის იდეალური მდგომარეობა აჩვენა. დადის სპე. ცენტრში, სადაც 2 სპეციალისტი ჰყავს (გონებრივი განვითარების და ფიზიკური აქტივობების). ასევე, 2 წელი იარა საბავშვო ბაღში.
ახლა მეორე წელია, სკოლაში, სპეც. კლასში, სწავლობს, სადაც ფსიქო-პედაგოგებმა გაგვანაწილეს. ყველაფერთან ერთად, ჩემმა ყოველდღიურმა და დაუღალავმა შრომამ უკვე გამოიღო შედეგი“.
თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს იმ სახის სირთულეებს, რაც გვანცას აწუხებს, ეს დედამ კარგად იცის, რადგან შესაბაბისი გამოცდილება აქვს.
ნუნუ ქათამაძემ ემიგრაციაში წამოსვლამდე საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და ბოლო 11 წელი ემსახურებოდა შშმ ბავშვებს.
უამრავი ტრენინგი აქვს გავლილი და შვილის პრობლემა რომ დაინახა, არავის მოუსმინა, შორეული ესპანეთის გზას დაადგა და შედეგიც მიიღო:
,,გარდა იმისა, რომ მოვატარე ვალენსიის, ალიკანტეს და ტარაგონას ულამაზესი ადგილები, ბავშვს 5 ენა აქვს ათვისებული, ქართულს ვასწავლი და ანბანზე გადავედით; ვიცით ბევრი ლექსი;
ვასწავლე ცურვა; დავაყენე ,,როლიკებზე“, ,,სამოკატზე“, ველოსიპედზე; საოჯახო საქმეებსაც ერთად ვუძღვებით; საყიდლებზე დამყავს და თავად ვარჩევინებ პროდუქტს, თუ ტანსაცმელს…
,,მილიონი“ ინფორმაცია მოვიძიე და დღესაც ერთ–ერთი უნივერსიტეტის ონლაინ სტუდენტი ვარ, აუტისტური სპექტრის სახეობებს ვსწავლობ“…
ქართველი ემიგრანტისთვის რთული იყო, პატარა ბავშვთან ერთად, უცხო მიწაზე, ენის არცოდნით ცხოვრება…
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ნუნუ საქართველოში ასობით ბავშვს ეხმარებოდა, საქველმოქმედო აქციებს აწყობდა და არასდროს უფიქრია, რომ ერთ დღეს მის შვილსაც დასჭირდებოდა დახმარება:
,,ემიგრანტობა ძალიან რთულია,-მოწყვეტილი ხარ ოჯახს, შენ კუთხეს, ყველაფერი გენატრება. მით უფრო, რთულია, როდესაც შვილის გამო ხარ გამოქცეული, იმიტომ, რომ რა შედეგიც აქვს ახლა, სამწუხაროდ, იმ შედეგს საქართველოში ვერ მივაღწევდი.
იყო საქართველოს შვილი, ნიშნავს, არ დაავიწყო ბავშვს საკუთარი ენა, ასწავლო ისტორია, კულტურა, დამწერლობა და იყოს ამაყი იმით, რომ პატარა სვანი
ემიგრაციაში არასოდეს დაკარგავს ქართველობას. მე ვეტყოდი მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომ იბრძოლონ, არ დანებდნენ და თუ ჩვენ შევძელით, შეძლებთ თქვენც! “
ნუნუმ რომელსაც მეგობრები „ნიკის“ ეძახიან, შეუძლებელი შეძლო, შვილისთვის იბრძოლა და გამოუვიდა, ახლა უკვე ზუსტად იცის, რომ
,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“…
სტატიის ავტორი:
ნატო მეგუთნიშვილი