ქართველი მოკრივის ესპანური სტარტი/ქართველი მოკრივე გია მითაგვარია ესპანეთში სპორტულ კარიერას იწყებს. 18 წლის მოკრივე დიდი ხანი არ არის, რაც ბარსელონაში ჩამოვიდა, თუმცა დიდი ტურნირებისთვის უკვე ემზადება:
,,სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვედი. ჩემი მიზანია ჩემი თავის განვითარება და კარიერული ზრდა. ამჟამად ვემზადები და ვვარჯიშობ ბარსელონაში, კლუბ ,,იბერიაში” და დიდი ტუტნირებისთვის ვემზადები.
ესპანეთში უკვე ჩავატარე 4 ბრძოლა და ოთხივე წარმატებით, გამარჯვებით, დავასრულე. ვიბრძვი საქართველოს სახელით და მთავარი სურვილი და მიზანია, ჩემი ქვეყნა ვასახელო და წინა ფლანგზე წამოვწიო“,- ამბობს გია.
გია მითაგვარია, წარმოშობით, აფხაზეთიდანაა, თუმცა კახეთში დაიბადა და გაიზარდა. სანამ საკუთარ გეგმებს ესპანეთს დაუკავშირებდა, პატარა და ლამაზ ქალაქ თელავში ცხოვრობდა. სპორტითაც სწორედ იქ, 7 წლის ასაკში, დაინტერესდა.
ასე დაიწყო კრივზე სიარული. ვარჯიშობდა მწვრთვნელ იროდი გრემელაშვილთან, რომელმაც, გიას თქმით, არა მხოლოდ სპორტის და კრივის ხელოვნება ასწავლა, არამედ, ადამიანად ჩამოაყალიბა:
,,მთავარი ზრდილობა და ადამიანობაა, რაც სპორტსმენმა უნდა იცოდეს…რაც შეეხება კრივს, 14 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც მოვიპოვე პირველი ადგილი და ჩავირიცხე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებში.
ვმონაწილეობდი ევროპის 2019 წლის ჩემპიომატზე, სადაც ჩავატარე სამი საკმაოდ რთული ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, კერძოდ, უკრაინელთან, თურქთან და ფინალში სომხეთის წარმომადგენელი დავამარცხე“,-გვიამბობს ქართველი მოკრივე.
ასე მოიპოვა ჩემპიონობა და ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება გია მითაგვარიას ცხოვრებაში. ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია, არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, თუმცა, როგორც ამბობს, მთავარი გამარჯვებები წინაა…
ავტორი- ნატო მეგუთნიშვილი