9/10 მარტი, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, „Vuelo desde la URSS“, ესპანური ვერსიის პრეზენტაცია ბარსელონაში.
ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში, კიდევ ერთი ლიტერატურული საღამო გველოდება.
ამჯერად ბარსელონას ესტუმრება თვით დათო ტურაშვილი და დაესწრება მისი წიგნის, „ჯინსების თაობის“, „Vuelo desde la URSS“ ესპანური ვერსიის პრეზენტაციას.
წიგნი ნათარგმნია ესპანელი მთარგმნელის, ინეს კონდოი ფრანკოს მიერ.
ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა დაიგეგმა, ესპანურ-ქართული კულტურული ცენტრის ”Iberia”- სა და ცნობილი ესპანური გამომცემლობა, „Novona“- ს მიერ.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ბარსელონაში, 9 მარტს, 12 საათზე ბიბლიოთეკა Altaiir-ში.
წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
📍 ბიბლიოთეკის მისამართი: Gran Via de les Corts Catalanes, 616, L’Eixample, 08007 Barcelona

ხოლო, 10 მარტს, საღამოს 7 საათზე, ბარსელონაში მოქმედი ქართული ეკლესიის ხელშეწყობით, იგეგმება მწერლის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან, ეკლესიის შენობაში, ქართული საკვირაო სკოლის დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.
📍ეკლესიის მისამართი: Paseig de santa eulalia 23

ქართველ მკითხველთან შეხვედრისას, მოხდება ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია სვანეთის შესახებ, რომელიც ალბათ განსაკუთრებით დააინტერესებს სვანური წარმოშობის ემიგრანტებს.
რაც შეეხება ჯინსების თაობას, ის ქართული თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია, სადაც გაცოცხლებულია ისტორია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელშიც წარმოჩენილია საბჭოეთის რკინის ფარდის მიღმა გამოტოვებული ცხოვრება და ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საბჭოური დიქტატურის მარწუხებისგან თავის დაღწევას.
ნაწარმოებს ასევე აქვს თეატრალური ვერსიაც, რომელიც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობს არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
აღსანიშნავია, რომ „ჯინსების თაობა“ სულ რამდენიმე კვირის წინ დაიდგა გერმანიაში, ქ. კიოლნში და ქ. ფრანკფურტში, ემიგრანტი და საქართველოდან ჩამოსული ქართველი მსახიობების მიერ, რომელსაც დიდი გამოხმაურება და აღფრთოვანება მოჰყვა როგორც ქართულ ისე ადგილობრივ გერმანულენოვან მაყურებელშიც.
შესაძლოა სულ მალე ბარსელონაშიც შესაძლებელი გახდეს უკვე, სპექტაკლის, „ჯინსების თაობის“ წარმოდგენის ხილვაც. წინ დიდი ამბები გველის.
შეგახსენებთ, რომ დავით ტურაშვილის წიგნი უკვე მეორე ქართული წიგნია, რომელიც ესპანურ ენაზე ითარგმნა.
იანვარში უკვე შედგა ქართული პოეზიის ანთოლოგიის ესპანურ ენაზე ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია, რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა, როგორც ადგილობრივ ემიგრანტებში, ისე ესპანურ ლიტერატურულ წრეებში.
