FALLAS – რას ზეიმობენ ვალენსიაში?

FALLAS-რას-ზეიმობენ-ვალენსიაში?1024X1024

FALLAS – რას ზეიმობენ ვალენსიაში? / ესპანეთის უმშვენიერესი ქალაქი ვალენსია, რომელმაც ესპანურ კულინარიაში ყველაზე მეტად ვალენსიური პაეიით გაითქვა სახელი, მარტის თვეში ქალაქის ყველაზე მთავარ და მსოფლიოში ერთ – ერთ ულამაზეს დღესასწაულს,

„Falla“ -ს ზეიმობს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებულად  ექსტრავაგანტური, ცეცხლოვანი სანახაობით და იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაშია შეტანილი.

ვალენსიაში ზეიმი იწყება 15 მარტს და გრძელდება 19 მარტის ჩათვლით.

რეალურად ამ დღეებში აღინიშნება კათოლიკური ეკლესიის წმინდანის, სან ხოსეს დღესასწაულები, რომელსაც ერთიანობაში მოიხსენიებენ როგორც „Fallas“ და განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნავენ ვალენსიელები.

ვალენსიური სიტყვა „Falla“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „facula“, რაც ნიშნავს “ჩირაღდანს”.

ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობაც სწორედ ჩირაღდანი იყო, რომლიც რომაული საგუშაგო კოშკებზე იყო განთავსებული.

(ვალენსიაში ესპანეთის სხვა რეგიონების მსგავსად ორი ოფიციალური ენა აქვთ ესპანური და ვალენსიური, რომელიც თავის მხრივ კატალონიურ ენასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია).

საზეიმო მსვლელობა, რომლისთვისაც ვალენსიაში მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან.

ისტორია

„Falla“ -ს წარმოშობის შესახებ ათობით ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, დურგლების უძველესი ჩვეულებაა, რომლებიც თავიანთი მფარველის, სან ხოსეს დღესასწაულის წინა დღეს, 19 მარტს აღნიშნავდნენ.

სახელოსნოს კართან  წვავდნენ ნარჩენებს და ძველ ნივთებს ზამთრის დასასრულის აღსანიშნავად.

Parot-ს ეძახდნენ ხის ნარჩენებთან ერთად დაკიდებულ შანდლებს, რომელსაც შემდეგ ხის ჯოხზე ამაგრებდნენ.

სავარაუდოდ ამ ნაკრებს უკვე მოგვიანებით დაემატა ადამიანის ფიგურა, რომელმაც ადგილი დაუთმო პირველ Ninot-ს და პირველივე „Falla“-ს.

პირველი დოკუმენტები ამ ტრადიციის შესახებ მოიპოვება ვალენსიის ქალაქის გზამკვლევში, რომელშიც 1876 წელს მარკიზ დე კრუე „Falla“ -ს  შესახებ წერდა სათაურით – „ძველი და თანამედროვე“.

როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, დურგლების მიერ დამკვიდრებული სატირული ხასიათის სოფლის თეატრალიზებული წარმოდგენები,

გადაიზარდა ბევრად უფრო დახვეწილ და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დღესასწაულად.

ყოველ წელს ტარდება საუკეთესო თოჯინის (Ninot) გამოსავლენად კონკურსი, გამარჯვებულ თოჯინას კი 19 მარტს, გამთენიისას, სხვა თოჯინებთან ერთად საზეიმოდ წვავენ დიდ კოცონზე.

როგორც თვითმხილველები ამბობენ ქალაქის ამ ღამით ცეცხლის ალშია გახვეული და ფერფლი და ცეცხლი ცამდე აღწევს.

სავარაუდოდ, ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელი, ავი ძალებისგან განმწმენდი კოცონი, მზებუდობის და ბუნიობის რიტუალს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჭიაკოკონობის ზუსტი ანალოგია.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI