Istanbul on my mind: რაზეც ბევრი დაწერილა, იწერება და კიდევ დაიწერება. როცა სა-ზღვარი უნდა გადაკვეთო, მზე ერთ ქვეყანაში ჩავა და მეორეში ამოვა.
ჩემი მზე დაახლოებით ტრაბზონში ამოვიდა. გამაღვიძა, მომესალმა და სტამბოლამდე გამომყვა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ჰქონდა სტამბოლს ყველგან მისტიურის მნიშვნელობა.
24 საათის ნამგზავრს დაღლილობის არაფერი მეტყობოდა. ჩასვლისთანავე ერთ-ერთი სურვილის შესასრულებლად ახლოს მდებარე სანაპიროზე გავიქეცი.
მიდიებისა და სიმინდის გამყიდველებს საერთოდ არ აინტერესებდათ ჩემი სურვილები და ალბათ იმ დროს როცა მე მათ სანაპიროზე დავეძებდი, ისინი სახლში მიდიებისთვის ბრინჯს დაუნანებლად ხარშავდნენ.
როცა მივხვდი, იმავე ადგილზე დაბრუნება მოგვიანებით მარტოსაც შემეძლო, მე და ჩემი ძმა მოპედსა და მოტოს შორის მდგარ ორბობალაზე შევდექით და სტამბოლის დაუსრულებელ აღმართებს ავუყევით.
სტამბოლი ის ქალაქია, სადაც თავს ერთდროულად ძალიან შინაურად და ძალიან შორეულად გრძნობ. მოსაღამოვებას ერთ-ერთ კაფეში ჩაის ჭიქით ხელში შევხვდი და ერთი ფრაზა თავისი წერტილ-მძიმით გამახსენდა:
„მოვიდა კონსტანტინე, დადგა აქ და გახედა ბოსფორს. ალბათ საღამოვდებოდა. ჰოდა, სტამბოლი გაჩნდა.“ თქვა ერთხელ აკა მორჩილაძემ და წერტილიც დასვა.
სტამბოლი ეგოისტია! სურს მხოლოდ მას ეკუთვნოდე. ხალხმრავლობაში შეუძლია ისე მოგნუსხოს და დაგადუმოს, რომ მის გარდა ვერაფერს ხედავდე, გრძნობდე და სუნთქავდე. თავი „ასასინი“ მეგონა.
ვიდექი ხალხთან ერთად სტამბოლით გაბრუებული და იქვე ვინმე იდუმალ ხმას რომ ეთქვა: „ედემში ხარ და თუ ჭკვიანად იქნები , აქ დარჩები სულო“, უყოყმანოდ დავუჯერებდი.
ყველას დაუჯერეთ, ვინც იტყვის რომ სტამბოლი და მისტიკა უერთმანეთოდ ისევე არ იქნება, როგორც გაზაფხული ზამთრის მერე.
სტამბოლში გათენებაც კი დიდი იდუმალებაა. ეგოისტი ქალაქი თავს ნახევრად გაჩვენებს, უნდა მისი სურვილით სუნთქვა გიჭირდეს, ფეხების მოწყვეტამდე ბევრი იარო და მისი სურნელით გაიჟღინთო. თუმცა რაც არ უნდა ბევრი იარო, წერო, იფრინო და ისეირნო ამ ქალაქს ბოლომდე ვერასდროს ამოწურავ.
ყველაზე ძვირადღირებული სუნამოა სტამბოლი, რაც უფრო მეტს იპკურებ, უფრო მძაფრდება და უკეთესი ხდება. ერთი ფლაკონი და უამრავი სურნელი.
ჰოდა ასე, ივლი მთელი ცხოვრება სურნელებისგან გაბრუებული ნამდვილი „ასასინივით“ ევრაზიულ ქალაქში და არასდროს იტყვი უარს იდუმალ, მისტიურ ედემზე.