“ამ წიგნის დაწერის იდეა დამებადა მაშინ, როცა იტალიელმა ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მკითხეს, როგორი ქვეყანა იყო საქართველო, რა საფეხბურთო ტრადიცია ჰქონდა და სხვანი.
მაშინ ვიფიქრე, რომ სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო ის პერსონა, რომელსაც შეეძლო საქართველო მიეტანა რიგით იტალიელამდე. ეს არ არის ტიპური ბიოგრაფიული წიგნი, ეს მხატვრული ესკიზები არის ხვიჩას წინაპრებზე, საქართველოზე, სამეგრელოზე, სოფელ ნაკიფუზე, ქართულ ფეხბურთზე,”
– გაგვანდო გიორგი კეკელიძემ, როდესაც ვკითხეთ, თუ როდის გაჩნდა ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის შექმნის იდეა და რით იყო ის გამორჩეული, სხვა ფეხბურთელებზე დაწერილი წიგნებისაგან.
წიგნის არსიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს უბრალოდ ერთი ძალიან ნიჭიერი მწერლის წიგნი კი არ არის, ერთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელილს შესახებ, არამედ ეს საქართველოს ძალიან ლამაზად გადმოცემული ერთგვარი პრეზენტაციაა, ის იტალიურ ენაზეც ითარგმნა.
წიგნი, „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ ქართულ ენაზე გაზაფხულზე გამოიცა და მალევე გახდა ეროვნული ბესტსელერი.
მალე, მისი იტალიური ვერსია იხილავს დღის შუქს.
წიგნის თარგმანი ნანა ზარდიაშვილსა და ჯოვანი ჯაკომანტონის ეკუთვნით. გენერალური პროდიუსერი ბერიკა შუკაკიძე გახლავთ, წიგნს გამომცემლობა „მინერვა“ გამოსცემს.
წინასიტყვაობა არც მეტი, არც ნაკლები დიეგო არმანდო მარადონა უმცროსსა და აკა მორჩილაძეს ეკუთვნით, ყდის დიზაინი – ნატა ავალიანს,
კონსულტანტები თავად ხვიჩას მშობლები მაკა ლუკავა და ბადრი კვარაცხელია არიან. წიგნს იტალიურად ჰქვია „La Georgia di Kvara“ ანუ, კვარას საქართველო და მისი პრეზენტაცია 15 დეკემბერში, ნეაპოლშია დაგეგმილი, რომელსაც ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ჟურნალისტთა კორპუსი დაესწრება.
წიგნის იტალიური პროექტის განხორციელებასა და კოორდინირებაში აქტიურად არიან ჩართული იტალიაში მცხოვრები თარჯიმანი და ქართული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაკა ხაჩოშვილი და ჟურნალისტი და თარჯიმანი, ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის „ERMES.TV – ერმესი მედია“ დამფუძნებელი ნინა მამუკაძე სორდინი.
– როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ პროექტში და რატომ შეჩერდა მათზე არჩევანი?
მაკა ხაჩოშვილი: ჩემი და გიორგის საერთო ქართული საქმისკენ მიმავალი გზები, დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიკვეთა, როდესაც ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა – პირველი ქართული კერა დავაარსეთ, იტალიური ორგანიზაცია “დედალუსი”- ის შენობაში, სადაც “მედიატორად” ვმუშაობ.
ბიბლიოთეკის გარდა აქტიურად ჩავერთე ლიბ. ჯე -ს აკადემიის საგანმანათლებლო ონლაინ პროექტში, რომელიც უცხოეთში ქართველი ბავშვების არაფორმალურ განათლებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება წიგნს, “ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი “, როდესაც წერის პროცესი მიმდინარეობდა, გიორგი წიგნიდან ჩანაწერებს მიზიარებდა, რომლებსაც იტალიურად ვთარგმნიდი და ამ ამბით დაინტერესებულ იტალიურ პრესას დრო და დრო ვაწვდიდი, რომელიც შემდეგ სტატიების სახით იბეჭდებოდა.
თუ რატომ აღმოვჩნდი პროექტში “კვარას საქართველო” … ცალსახად უკვე ვიყავი გიორგის დიდი, ქართულ-ნეაპოლური ამბების ერთ-ერთი მოწმე და თანაგამზიარებელი, ნეაპოლური რეალობის ცნობასთან და ნდობის ფაქტორთან ერთად, საერთო ხასიათში გამოიკვეთა საქმის სიყვარული და მის მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ალბათ, ეს არის ის ფაქტორები რამაც განაპირობა ამ და სხვა პროექტებში ჩემი ჩართულობა, რისთვისაც გიორგის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და კიდევ ყველა იმ კარგი და საშვილიშვილო ქართული საქმისთვის, რასაც ის აკეთებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
გრანდიოზულ პროექტს “კვარას საქართველო”- ს კი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს დიდი წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.
ნინა მამუკაძე სორდინი: ვფიქრობ, ამ არაჩვეულებრივ და დიდ პროექტში ჩემი ჩართულობა, ერთგვარად ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელშიც უკვე წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩაბმული, მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთ კლუბში, ნაპოლიში გადმოვიდა.
განათლებითაც და პროფესიითაც ჟურნალისტი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ 12 წელია იტალიაში ვცხოვრობ, ჩემს პროფესიასთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს.
სულ ცოტა ხნის წინ დავაარსე ასევე ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი ERMES.TV.
ვესწრები მატჩებს როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი და აქტიურად ვაშუქებ ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის თემებს.
შესაბამისად, უნიჭიერესი გიორგი კეკელიძის ამ უმნიშნელოვანეს პროექტში, ჩართულობა, ჩემთვის სრულიად ორგანული და სასიამოვნო პროცესია.
მინდა მადლობა გადავუხადო მაკა ხაჩოშვილს, ამ არაჩვეულებრივ პროექტში ჩემი მონაწილეობის ინიციატივისთვის.
– იქიდან გამომდინარე, რომ კარგად იცნობთ ნეაპოლურ რეალობას და კვარას მიმართ დამოკიდებულებას, თქვენი აზრით, როგორ მიიღებს წიგნს ნეაპოლელი და ზოგადად იტალიელი მკითხველი?
მაკა ხაჩოშვილი: ხვიჩას ნაპოლიში გადმოსვლის შემდეგ საქართველო და ქართველები ძალიან დიდი ინტერესის და ყურადღების ქვეშ მოექცნენ.
იმის გარდა, რომ გიორგის იტალიელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე იცნობს, რახანია ელოდებოდა წიგნის იტალიურ ვერსიას, პრესიდან დაწყებული მოქალაქეებით დამთავრებული.
გიორგი კეკელიძის წიგნი შესანიშნავი საშუალებაა უკეთ გაიცნონ, როგორც ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ასევე მისი სამშობლო.
ნინა მამუკაძე სორდინი: კარგად ვხედავთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში გადმოსვლის შემდეგ თუ, როგორ მცირე დროში შეძლო მან ტალანტის გამოვლენა, ევროპულ საფეხბურთო სამყაროში თავის დამკვიდრება და საკუთარი სამშობლოთი იტალიელების დაინტერესება იმგვარად, რომ იტალიელებს უკვე არა მხოლოდ ერთეული ქართველი ფეხბურთელები, არამედ ყველაფერი ქართული აინტერესებთ.
გიორგი კეკელიძის იტალიურ ენაზე ამ წიგნის გამოცემა, სწორედ იმიტომაც იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ ეს არ არის უბრალოდ წიგნი ფეხბურთზე, არამედ ეს არის საქართველოს მარგალიტის, სამეგრელოს სულში ჩახედვა.
ავტორი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებზე და ადამიანებზე უყვება, უყვება იქაურ ჯადოსნურ სამყაროზე, უყვება ქართულ მზეებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ „კვარას საქართველოს“ იტალიაშიც უდიდესი წარმატება ექნება.
ჩვენი რედაქციის სახელით, დიდ მადლობა ვუხდით ნინა მამუკაძე სორდინს მასალის მოწოდებისთვის და მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის ფარგლებში.