12 ოქტომბრის მნიშვნელობა ესპანეთისა და მსოფლიო ისტორიისთვის

12-ოქტომბრის-მნიშვნელობა-ესპანეთისა-და-მსოფლიო-ისტორიისთვის1400x788

12 ოქტომბრი, ესპანეთის ეროვნული დღესასწაული და ისტორიული თარიღი, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლას უკავშირდება და რომელმაც კონტინენტები დააკავშირა, მსოფლიო ვაჭრობას ახალი გზები გაუხსნა და ესპანეთის გლობალურ იმპერიად ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.

1492 წლის 12 ოქტომბერი სწორედ ასეთი დღეა.

12-ოქტომბრის-მნიშვნელობა-ესპანეთისა-და-მსოფლიო-ისტორიისთვის808X1200
კოლუმბის ცნობილი გემის, „სანტა მარიას“ (Santa María) ასლი, აშენდა დაახლოებით 1950 წელს, ისტორიული ფილმის Alba de América გადასაღებად.

ხუთ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ამერიკის კონტინენტის კუნძულებს მიაღწია.

ამ მოგზაურობამ საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ პროცესს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და გეოგრაფიული წარმოდგენები.

დღეს, 2026 წლის 12 ოქტომბერს, ესპანეთი აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს: Fiesta Nacional de España, რომელიც ფართოდ არის ცნობილი სახელწოდებით Día de la Hispanidad.

ეს თარიღი ესპანეთის ეროვნული დღესასწაულის გარდა ამერიკის აღმოჩენის და იმ ეპოქის სიმბოლოა, როდესაც მსოფლიომ თანდათან დაიწყო ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სივრცედ ჩამოყალიბება.

„ვისთვის წინსვლა და გამარჯვება, ვისთვის: მარცხი და შეურაცხყოფა“, ესპანეთის იმპერიის ისტორია, რომლის სამფლობელოებშიც მზე არასოდეს ჩადიოდა.

ამ თარიღის მნიშვნელობა ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ყოველთვის ერთნაირად არ აღიქმება.

ესპანეთისგან განსხვავებით, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში ამ თარიღს განსხვავებული სახელწოდებები და შინაარსი აქვს.

ზოგან იგი კულტურული მრავალფეროვნების დღედ აღინიშნება, სხვაგან, მკვიდრი ხალხების წინააღმდეგობისა და ისტორიული მეხსიერების დღედ.

ამ განსხვავებას ღრმა ისტორიული საფუძველი აქვს.

ევროპისა და ამერიკის დაკავშირებამ მსოფლიო კულტურა და ეკონომიკა შეცვალა, მაგრამ ამავე პროცესმა მრავალი ადგილობრივი საზოგადოებისთვის კოლონიზაცია, ძალადობა, მიწების დაკარგვა და მოსახლეობის მძიმე დანაკარგები მოიტანა.

ამიტომ 12 ოქტომბრის მნიშვნელობის სრულყოფილად გაგება შეუძლებელია მისი ისტორიის ორივე მხარის გათვალისწინების გარეშე.

და მაინც, მიუხედავად ტრაგიკული მოვლენებისა, კოლუმბის მოგზაურობამ არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ მსოფლიოს ერების ისტორია განსაზღვრა და უდიდეს კავშირებს დაუდო დასაბამი.

ახლაც, ბარსელონას პორტთან ახლოს, იქ, სადაც ცნობილი ქუჩა Las Ramblas მთავრდება და ჩვენს თვალწინ ბარსელონას პორტის ულამაზესი ხედები იშლება, პირდაპირ ცენტრში აღმართულია ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი.

მოგზაური, თითს ზღვის მიმართულებით იშვერს, რაც თავისთავად გვიჩენს ილუზიას, თითქოს ამერიკის კონტინენტისკენ მიგვითითებს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ვერ მოიპოვა ის აღიარება, რომელსაც ელოდა, თუმცა მისმა აღმოჩენამ, მისდა უნებურად, ესპანეთის ბედი სამუდამოდ შეცვალა.

მაგრამ რატომ დგას კოლუმბის ძეგლი სწორედ ბარსელონაში?

1493 წელს, ამერიკაში პირველი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, ქრისტეფორე კოლუმბი ბარსელონაში ჩავიდა, სადაც იგი ესპანეთის კათოლიკე მონარქებმა: იზაბელა კასტილიელმა და ფერდინანდო არაგონელმა მიიღეს.

სწორედ აქ წარუდგინა მან მეფესა და დედოფალს თავისი ექსპედიციის შედეგები და მოუთხრო იმ მიწების შესახებ, რომლებიც ატლანტის ოკეანის გადაღმა აღმოაჩინა.

კოლუმბის ძეგლი, რომელსაც Monument a Colom ეწოდება, 1888 წელს, ბარსელონის მსოფლიო გამოფენის დროს გაიხსნა. მისი აღმართვით ქალაქმა უკვდავყო ისტორიული მოგზაურობა და კოლუმბის კავშირი ბარსელონასთან.

12 ოქტომბერი, 2026: დღევანდელი ღონისძიებები ბარსელონაში

11:30 – ესპანეთის ეროვნული დღესასწაულის მსვლელობა

Passeig de Gràcia, La Pedrera / Plaça de Catalunya

მსვლელობა წელს სეუტისადმი სოლიდარობის თემას ეძღვნება, დევიზით „Cataluña con Ceuta. Una misma España“.

15:00/20:00 – ლათინოამერიკული კულტურისა და ფოლკლორის აღლუმი

Passeig de Gràcia, Diagonal-იდან Plaça de Catalunya-მდე

Manifestación Cultural de la Integración Latinoamericana / ტრადიციული ცეკვები, ფერადი ეროვნული კოსტიუმები, მუსიკა და ლათინური ამერიკის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობა.

10:00-დან სარიას უბნის დღესასწაული

Major de Sarrià და Plaça de Sarrià

თვითნაკეთი ურიკების შეჯიბრება, სამეზობლო აქტივობები და საღამოს გასართობი პროგრამა. ეს უბნის ტრადიციული დღესასწაულია და არა უშუალოდ Hispanidad-ის ცერემონია.

19:30 – Correfoc, 21:30 – მუსიკალური ფეიერვერკი

Les Corts – Plaça de Can Rosés და Jardins de Magalí

კატალონიური ტრადიციული ცეცხლოვანი მსვლელობა და უბნის დღესასწაულის დასკვნითი წარმოდგენა.

ბარსელონაში დღეს ასევე დაგეგმილია 12:00 საათზე ანტიკოლონიური და ანტიფაშისტური მსვლელობა Nou Barris-ის რაიონში, Via Júlia-ზე.

Procés constituent

სხვა კულტურული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:

  • 18:00 – Julio Iglesias Jr.-ის კონცერტი, Teatre Coliseum.
  • 20:00 – გუსტავო დუდამელისა და ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი, L’Auditori.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 11:00–20:00 საათებში Plaça de Catalunya-ს მიმდებარედ აეროპორტის A1 და A2 ავტობუსების გაჩერებები დროებით იცვლება ღონისძიებების გამო.

ჩვენ გიწევთ რეკომენდაციას, აუცილებლად დაესწროთ 15:00 საათიდან ლათინოამერიკულ კულტურულ აღლუმს, რადგან სწორედ ის წარმოაჩენს იმ კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც ესპანეთსა და ამერიკის ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბდა.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI