მემკვიდრეობითი მეხსიერების მნიშვნელობა: ნინო ხარატიშვილი არა მარტო ქართველი წარმოშობის და ქართული კულტურის წიაღიდან აღმოცენებული მწერალია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული გერმანულენოვანი მწერალიც, რადგან ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს თანამედროვე გერმანული ლიტერატურის მწერლობაში.
უნდა აღვნიშნოთ რომ გრიგოლ რობაქიძის შემდეგ მსგავსი აღიარება არც ერთ ცნობილ ქართველ მწერალს არ მიუღია გერმანულ ლიტერატურულ წრეებში.
როგორც თავად გერმანელები აღნიშნავენ, ხარატიშვილს, აღმოაჩნდა უნარი მათი ენა თავისებურად აემეტყველებინა, რითიც ადგილობრივებს მშობლიური ენის ახლებურად აღქმა შეაძლებინა. დამეთანხმებით ეს მართლაც საოცარი მოვლენაა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში სადაც კრიტიკის გაძლება ძალიან რთულია.პოსტმემორია, ანუ ახალი თაობისთვის, წინა თაობის მიერ მემკვიდრეობით გადმოცემული მეხსიერება.
ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა რომელმაც ისტორიის გადახედვა გამოიწვია, ცნობილია ტერმინით როგორც „პოსტმემორია“. თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გერმანელი მეცნიერისა და მკვლევარის მარიან ჰირშის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ: „შემდგომი თაობის მეხსიერება“ (La generación de la posmemoria: 2015). ჰირშმა მის წიგნში ისაუბრა იმ თაობების მიერ შემონახული მეხსიერების შესახებ რომელსაც ოჯახის წევრების გადმოცემის მიხედვით პირდაპირი ინფორმაცია აქვთ რეალური ფაქტების შესახებ: თუ რა მოხდა რეალურად ჰოლოკოსტში. მსხვერპლთა მემკვიდრეები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ფლობენ ამ დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილეების მიერ გადმოცემულ პირდაპირ ინფორმაციას .
მარიან ჰირშის წიგნმა და ჰოლოკოსტის მოვლენების ხელახალმა გაანალიზებამ საფუძველი დაუდო ისტორიის გადახედვას და გაადვილა სხვადასხვა მსოფლიო ფენომენების ამოხსნა როგორიცაა: „მონობა ამერიკაში, ვიეტნამის ომი, არგენტინის ბინძური ომი, ლათინო ამერიკული დიქტატურები, სამხრეთ ამერიკის აპარტეიდი, აღმოსავლეთ ევროპა, კომუნისტური ჩინეთი და ფრანკიზმი ესპანეთში“.
ჰოლოკოსტის ანალიზმა ასევე დიდი როლი ითამაშა ესპანური მოვლენის, ფრანკიზმის, გაანალიზებაში. ფრანკოს ესპანეთში ჰოლოკოსტისგან განსხვავებით არ ყოფილა ეთნიკური ხასიათის დაპირისპირება, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური შეხედულებების შეჯახება, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი და ქვეყანა გაყო ორ ბანაკად: რესპუბლიკელებად და ფალანხისტებად.
ბევრი ისტორიკოსი ესპანეთის სამოქალაქო ომს მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის რეპეტიციად, რადგან ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩართულები იყვნენ როგორც შინაური ისე საგარეო ძალები. მიუხედავად ესპანეთში არსებული მრავალფეროვანი პოლიტიკური გემოვნებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობისა, ფრანკისტებისთვის სამოქალაქო ომი მიჩნეული იყო, როგორც მხოლოდ კომუნისტებისა და ფაშისტების დაპირისპირება.
წიგნის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით დღეს ამ ვითარებაში კვლავ იგივე შეცდომებს ვუშვებთ? ყველა ჩვენთაგანს ხომ ისევე თავისი როლი აქვს ამ ისტორიულ მოვლენებში როგორც უწინ?!
2018 წლის გაზაფხულზე ნინო ხარატიშვილმა წიგნისთვის „მერვე სიცოცხლე“ გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო: ,,ბერტოლდ ბრეხტის,, პრემია მიიღო. მის ნაწარმოებს კრიტიკოსების და მკითხველების მხრიდან საოცრად პოზიტიური გამოხმაურება მოყვა. წიგნმა მიიპყრო ევროპის ყურადღება, მათ შორის გაჩნდა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, რომელიც საოცრად ბრწყინავს, როგორც ამ ოჯახური დრამის ისტორიული ლაიტმოტივი.
ახლა კი რაც შეეხება ჰოლივუდს!
როდესაც ამაზონზე შევდივართ ესპანური ვერსიის შესაძენად ვაწყდებით გამაოგნებელ ინფორმაციას იმის შესახებ რომ: ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე ჰოლივუდში მიდის!
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინემატოგრაფიული გარიგება, ისტორიული ხასიათის ნაწარმოებთან“.
მომავალში ჰოლივუდის მიერ გადაღებული ფილმი, ავტორის უდიდეს აღიარებასთან ერთად საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას გააცნობს მსოფლიოს.
ტექსტი მოამზადა: თამარ ბურდულმა