რატომ იზრდება საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა – საპარლამენტო უმრავლესობაში პასუხი არ აქვთ

საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად უცხოეთის არაერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ცუდი სამუშაო პირობებისა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანისთვის ისევ მიმზიდველი პერსპექტივაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ემიგრანტების რაოდენობა იყო 96 000, ხოლო იმიგრანტების 92.600. 2014 წელს 88 700 ემიგრანტი და 82 200 იმიგრანტი გვყავდა. 

2015 წელს ემიგრანტი ქალების რაოდენობამ იმიგრანტების რაოდენობას 4 283 ქალით გადააჭარბა. ემიგრანტი კაცების რაოდენობა კი ჩამორჩა იმიგრანტების რაოდენობას 875 კაცით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მიერ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპზე ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში 21,7%, საბერძნეთში 15,9% და თურქეთში 11, 2%.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს. მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

რატომ ვერ შეძლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ საქართველოდან მიგრანტების რაოდენობის შემცირება ?

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე  საქსტატის მაჩვენებლებს „სავალალოს“ უწოდებს. მისი თქმით, საცხოვრებლად რუსეთის არჩევა შეუძლია მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. „ფაქტობრივად, იქ მიდიან შავ მუშად, სხვა შემთხვევაში იქ დიდი პერსპექტივა არ არის”-აცხადებს შეშელიძე.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, თუ რას გვპირდება და გვეუბნება მთავრობა, მდგომარეობა სახარბიელო არ არის, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, თანამედროვე საშუალებები კი ადამიანებს უფო მეტი არჩევანის საშუალების გაკეთების საშუალებას აძლევს. „მიემგზავრებიან იქ, სადაც ჰგონიათ, რომ უკეთესად იქნებიან, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში კომფორტულად ცხოვრება შეიძლება,” – აცხადებს შეშელიძე.

მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპი, შემცირებულია შემოსავლები, ქვეყნიდან გასვლა კი ამ ვითარებაზე ადამიანების ერთერთი რეაქციაა.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების მიზეზი ქვეყანაში სამუშაოს დეფიციტია. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში ნორმალური სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ადამიანი მიდის და სხვაგან, ქვეყნის ფარგლებს ეძებს სამუშაოს.

მისი თქმით, მეორე საკითხია რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში ჯგერენაია აცხადებს, რომ დღეს რეგიონში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ კომენტარს მანამდე ვერ გააკეთებენ, სანამ ინფორმაციას არ გაეცნობიან. შედეგად, დეპუტატები მცირე კომენტარით შემოიფარგლებიან. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „საქსტატის” მონაცემებს არ იცნობს და შესაბამისად, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

„საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ იცნობს არც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური. უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ არანაირი პირობა იმისი, რომ საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდოს, არ არსებობს. „შეიძლება იგივე დარჩეს, ან შემცირდეს, მაგრამ გაზრდის პირობები საქართველოში არ შექმნილა”-აცხადებს წიკლაური.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI