Vocal Vircan, ხიდი ქართულ-კატალონიურ კულტურებს შორის

Vocal-Vircan-ხიდი-ქართულ-კატალონიურ-კულტურებს-შორის755X499

Vocal Vircan, ხიდი ქართულ-კატალონიურ კულტურებს შორის: ქართული ჩოხით და კატალონიური ესპადრელებით (espardeñas).

მოგეხსენებათ ქართული მრავალხმიანობა ჩვენი კულტურის უდიდეს საგანძურს წარმოადგენს და არა მარტო…

2001 წელს UNESCO-მ „ქართული მრავალხმიანობა“ მსოფლიოს უნიკალურ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლად დაასახელა.

მანამდე კი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1977 წელს NASA-მ „ჩაკრულოს“ ჩანაწერი კოსმოსშიც კი გაუშვა.

ქართული პოლიფონიური მუსიკით უცხოელების დაინტერესება ჩვენთვის უცხო არ არის თუმცა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი ემიგრანტებისთვის ქართულ-კატალონიური გუნდის, Vocal Vircan-ის  აღმოჩენა შუა ბარსელონაში.

როგორც მათ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „Vocal Vircan-ი შეიქმნა, ხელოვნებისა და პოლიფონიური მუსიკის სიყვარულის წყალობით და კონსოლიდირებულია თითოეული წევრის ერთგულებითა და ჩართულობით“.

ანსამბლი სულ ახლახან დაბრუნდა საქართველოდან, სადაც იმყოფებოდნენ  სპეციალური მიწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროდან „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ზე

რომლის  მიზანიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარებაა, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში.

ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩასულმა მომღერალთა გუნდებმა დაჯილდოების ცერემონიალზე შეასრულეს, ქართული ხალხური სიმღერები.

დეტალების გასაცნობად დავუკავშირდით ანსამბლის ერთ-ერთ წევრს, ირაკლი დევდარიანს, რომელმაც მოგვიყვა ამ ორი განსხვავებული კატალონიურ-ქართული კულტურის შერწყმის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა ირაკლი ესპანეთში ჩამოვიდა 2015 წელს და ჩამოსვლის მომენტიდანვე შეუერთდა ბარსელონას, წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებულ მგალობელ მომღერალთა ანსამბლს Georgian Folk-ს.

ანსამბლი ხშირად მონაწილეობდა ე.წ. Workshop-ებში და გამოდიოდა ფესტივალებზე, სადაც ირაკლიმ სრულიად შემთხვევით გაიცნო ქართულ მრავალხმიან სიმღერებზე შეყვარებული კატალონიელი მუსიკოსი, ჯენერ სოლერი.

სოლერმა, თავის მხრივ დააკავშირა სხვა ადგილობრივ პროფესიონალ მუსიკოსებთან

რომლებიც დაინტერესებულები არიან შეისწავლონ ქართული ხალხური მრავალ ხმოვანი სიმღერები.

მომღერალთა გუნდი სახელწოდებით Vocal Vircan ამ ეტაპზე შედგება 9 ადამიანისგან, 4 კატალონიელი და 5 ქართველი:

ჯორდი ვაიესპი ი ვალვე, ხავიერ კანალეს გარსია, მოისეს პერეს მიგელესი, დანიელ მორალეს ტეიშიდო, ზურაბ კაციტაძე, ბორის კაციტაძე გიორგი ჯაფარიძე, დიტო საკანდელიძე, ირაკლი დევდარიანი.

Vocal Vircan – გარეკახური. ბარსელონა სანტა ანას ტაძარი.

გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი დევდარიანთან:                    

ირაკლი რამდენად მარტივად მოხდა ქართველების და კატალონიელების გაერთიანება, ვისი იდეა იყო?

კატალონიელი მუსიკოსი ჯორდი ვაიესპი რომელსაც მოსმენილი ქონდა ჰამლეტ გონაშვილის წინწყარო დაუკავშირდა ქართველ მუსიკოსს ბორის კაციტაძეს და სთხოვა წინწყაროს შესწავლაში დახმარებოდა.

ამის შემდეგ უკვე მე დამიკავშირდა ჯორდი (2020წ), რომელმაც ჩვენი საერთო მეგობრის დანის მხრიდან იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ.

იგი ძალიან დაინტერესებულია ქართული პოლიფონიური სიმღერით, ამიტომ ჩვენი შეკრება მისი ინიციატივა იყო.

როდესაც ჯორდიმ დამირეკა მითხრა: „ძალიან მომწონს ქართული სიმღერები და მოდი ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალური ქართულ-კატალონიური ანსამბლიო“.

ამაზე კარგ საქმეს რას ვიზამდით, ასე რომ მოვგროვდით. თავად ჯორდიმ მოიყვანა თავისი მეგობრები და გამაცნო ორი ქართველი ბიჭიც. ყველა მათგანი პროფესიონალი მუსიკოსია.

სულ ახლახან შემოგვიერთდა მომღერალი, რომელიც ძალიან პოპულარული ჯგუფის „Muom“-ის ხელმძღვანელია.

ალბათ ძალიან დიდი პატივია ასეთი დაინტერესება მით უმეტეს, როდესაც ვიცით კატალონიელები რამდენად კრიტიკული და ამავე დროს კულტურულად მაღალი გემოვნების ხალხია?!

დიახ, ეს ძალიან დიდი პატივია, მართალია ძალიან არ გამკვირვებია დაინტერესება, რადგან ყველას ძალიან მოსწონს ჩენი მუსიკის ჰარმონიები, თუმცა ნამდვილად არ ველოდი თუ ასე განვითარდებოდა და წინ წავიდოდა ჩვენი ანსამბლი.

ჩვენი გუნდი ასრულებს ურთულეს სიმღერას რომლის შესრულებაც ბევრ ქართულ ანსამბლსაც კი უჭირს, მათ შორის ვმღერით გურულ ტრიოებსაც, რომელიც ორმაგი აღმოჩენა იყო კატალონიელი მუსიკოსებისთვის.

ისინი ქართულს სწავლობენ რომ ქართული სიმღერები შეასრულონ. ამ ყველაფერში ჩვენ ვუწევთ დახმარებას, რათა ტექსტების სწორად შესწავლა და გამოთქმა მოახერხონ. ბიჭები წარმოუდგენლად დიდ ძალისხმევას დებენ ამ საქმეში.

„შენ ხარ ვენახი“-ის შესრულების დროს ჯორდის ცრემლიც კი ჩამოუგორდა ემოციებისგან, როდესაც შესრულებული ნამღერით კმაყოფილი დარჩა.

თანამშრომლობის პროცესში თუ წააწყდით რაიმე წინააღმდეგობას ან შეუთავსებლობას?

მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ თავად ჯორდის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც პროფესიონალ მომღერალს (რომელსაც ვერც კი შევედრები)

არასდროს იგრძნობა გუნდში რაიმე უპირატესობა ან შებოჭვა, რადგან, ვინც მუსიკოსია და ამ სფეროში  განათლება აქვს, შეუძლებელია ეს საგანძური რაც ჩვენ გაგვაჩნია არ დააფასოს და არ იგრძნოს მისი მნიშვნელობა.

ჩვენ ქართველებს ძალიან გვაინტერესებს ყველაფერი თქვენს შესახებ. ფაქტიურად თქვენ ასრულებთ ხიდის ფუნქციას ორ კულტურას შორის.

დიახ ეს ჩვენს ანსამბლში ნამდვილად იგრძნობა, მაგალითად ჩენს ჩაცმულობაში შევიტანეთ ერთი ნიუანსი, ტანზე გვაცვია ჩოხები ფეხზე კი კატალონიური ესპადრელები (espardeñas).

თავიდან მხოლოდ ჩოხები გვქონდა და ბიჭებმა შემოგვთავაზეს ჩვენი ფეხსაცმელი ხომ არ ჩაგვეცვაო და მართლაც ისე შეუხამდა საბოლოოდ ასე გადავწყვიტეთ კონცერტებზე გამოსვლა.

ჩვენთვის ბუნებრივია ჩოხის ტარება მაგრამ კატალონიელებისთვის რამდენად მისაღები იყო ჩვენი ეროვნული სამოსი?

თავიდანვე ანსამბლზე რომ წავიდა საუბარი ჩაცმულობაზე მაშინვე შევჯერდით. ფორმები საქართველოში შევუკვეთეთ და რადგან ფეხზე ესპადრელები ჩავიცვით აზიურები აღარც შეგვიკვეთავს.

თან ვცდილობდით უნებლიედ არ დაგვეზიანებინა ჩვენი კულტურა, მაგრამ ამ ნიუანსის შეტანამ ძალიან გაამართლა.

ჩვენი მუსიკალური კომპოზიციებიდან, მრავალ ხმაში ვმღერით „El noi de la mare“ საშობაო კატალონიურ სიმღერას.

ამ ეტაპზე პროგრამაში გვაქვს 20-21 სიმღერა. მალე რეპერტუარში გვექნება კახიძის ახალი „მრავალჟამიერი“

საიდან მოდის ანსამბლის სახელწოდება ვერ ვიპოვე Vircan-ის თარგმანი, ვოკალი გასაგებია?

ვეძებდით ორიგინალურ ვერსიებს და შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ძველად სპარსები ქართველებს, Vircan-ს ანუ „მგლების მსგავსს“ გვეძახდნენ და ამ სახელზე შევჯერდით.

საქართველოში იყავით ამ ზაფხულს. ეს როგორ მოხდა?

მე მივდიოდი ამ ზაფხულს და მათაც მოინდომეს ჩემთან ერთად გამომგზავრება. როგორც კი მიეცათ წამოსვლის საშუალება უმალ გადაწყვიტეს. მხოლოდ დანი გვაკლდა მაშინაც და ახლაც რადგან ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტები აქვს.

Vocal Vircan & რიჰო – მრავალჟამიერი. სვანეთი 2021წ.

როდესაც სიმღერას ქართულ ატმოსფეროში შეიგრძნობენ, ვფიქრობ უფრო დაუახლოვდებიან ქართულ ფოლკლორს.

დიახ ეს ნამდვილად განსხვავებული იყო, თანაც სვანური სიმღერები ვიმღერეთ ბუნებაში, სვანეთის მთებში, ადგილობრივ მომღერლებთან ერთად.

როდესაც მოუსმინეს იქ როგორ მღეროდნენ ხასიათი იგრძნეს მანერებიც კი აიღეს მათგან. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება მათთვის. ასე რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.

იმედია ბასკებთანაც ვიხილავთ თქვენს სიმღერებს. წლების წინ მოვისმინე მათი სიმღერა და სანამ სიტყვებს არ დავუკვირდი მეგონა ქართველები მღეროდნენ.

აი ახლა დავფიქრდი ამ თემაზე და ახლა რომ შემახსენე კიდევ უფრო გამიღვივდა ინტერესი. მომავალში ამასაც გავაკეთებთ, აუცილებლად გამოვნახავთ კონტაქტს ბასკებთან.

დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI